„კოალიცია ცვლილებისთვის“ ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს
მირდატ ქამადაძემ ბათუმში საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
ქამადაძის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურები გარკვეულ უბნებზე დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, დაიწერა 30 საჩივარი.
ქამადაძის ინფორმაციით, საქმე ეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა.
როგორც პარტიის სპიკერი აცხადებს, საარჩევნო აპარატებს აქვს ხარვეზები. ქამადაძის მტკიცებით, ქობულეთი-გორგაძეების უბანზე გამგებელი დამკვირვებლის ბეიჯით აგიტაციას ეწევა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა დარღვევებით დაიწყო. ამ დროისთვის, ჩვენი წარმომადგენლების მიერ 30 საჩივარია დაწერილი. კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებთან გვაქვს საქმე, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა. მაშინ, როდესაც ვიცით, რომ თითო ადამიანი ერთი ხმით სარგებლობს, ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე, 33-ე უბნებზე დაფიქსირებულია ორი ბიულეტენის გაცემა. გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება და ყველა ფაქტზე დაწერილია საჩივარი.
ბათუმის მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით. საბოლოო ჯამში, მე-4 უბანზე ერთი აპარატი მდგომარეობიდან გამოვიდა და ხმის მიცემა ორი აპარატით მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც დიდია აქტივობაა. 2 აპარატით ხმის მიცემა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ამომრჩევლისთვის.
ქობულეთში გვაქვს შემდეგი ფაქტი: გორგაძეების საარჩევნო უბანზე სოფლის გამგებელი, რომელიც დამკვირვებლის ბეიჯითაა შესული, ღიად და საჯაროდ ეწევა აგიტაციას. ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უშუალოდ ესწრებოდა ხმის მიცემის პროცედურას, როდესაც ერთ-ერთი ამომრჩეველი აძლევდა ხმას უბანზე. ჩვენ გვინდა ამ დარღვევებთან დაკავშირებით საზოგადოებამ იცოდეს. ჩვენს წარმომადგენლებს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდებთ. მინდა, საზოგადოებას მეტი აქტივობისკენ მოვუწოდო. ერთადერთი დაზღვევა, რაც გაყალბებას შეუშლის ხელს, ამომრჩევლის დიდი რაოდენობით მისვლაა. ცესკო-ს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ხარვეზები, რაზეც ვისაუბრე, რათა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების უფლება მიეცეთ, როგორც წესი და რიგია“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მსგავსი დარღვევები, რაზეც კოალიციაში საუბრობენ ოლქში, ამ დროისთვის, არ შესულა. უსკოს წარმომადგენელი, ზვიად სურმანიძე უბნებზე 2 ბიულეტინით ერთდროულად ხმის მიცემის შესაძლებლობას გამორიცხავს.
აჭარაში, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარებს.
317 საარჩევნო უბანია გახსნილი, ავტონომიური რესპუბლიკის 5 მუნიციპალიტეტსა და ბათუმში. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარაში, უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით 317 ათას 119-ს შეადგენს.
რეგიონში, 317 უბანია გახსნილი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. აჭარაში, 251 უბანზე აძლევს ამომრჩეველი ელექტრონულად ხმას, რაც პროცენტებში უბნების საერთო რაოდენობის 95.1%-ია. 66 უბანზე კი, საარჩევნო პროცესი ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს. ხმის მიცემა, ეს უბნები, ძირითადად, აჭარის მაღალმთიანეთში მდებარეობს. 317 საარჩევნო უბნიდან 114 უბანი ადაპტირებულია.