დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს. მან დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა კენჭისყრაში.
ვისკონსინის შტატში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა მოაგროვა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა, რომლებიც საჭირო იყო პრეზიდენტობისთვის.
პარალელურად, დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან ადგილების მოპოვების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.
ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა, სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება აცნობა.
ტრამპის განცხადებით, არჩევნებში არნახული პოლიტიკური გამარჯვებით ისტორიაში შევიდნენ. დონალდ ტრამპმა თავის წარმატებას ამერიკელი ხალხის შესანიშნავი გამარჯვება უწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
- 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
- მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
- კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.