„ხალხის მოღალატეები“ – სოხუმში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილება ადამიანებმა საპროტესტო წარწერებით გამოხატეს. წარწერები გამოჩნდა სოხუმის სანაპიროზე, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან. წარწერებს შორისაა „ხალხის მოღალატეები“.
წითელი საღებავი შეასხეს სანაპიროზე მუჰაჯირების ძეგლსაც.
აქცია, სავარაუდოდ, უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კომპანიებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ოპოზიციისა და საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტს დე ფაქტო პარლამენტის რატიფიცირება ესაჭიროება. ოპოზიცია შეთანხმების წინააღმდეგობისკენ მოწოდებებით გამოდის.
სოხუმის ე.წ. მერმა “ვანდალიზმის აქტში” მონაწილეთა დასჯის პირობა დადო. ბესლან ეშბას თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერი. “იმედი გვაქვს, ჩვენი სპეცსამსახურები შეძლებენ ამის ჩამდენი ადამიანის პოვნას და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას”, – თქვა მან.
გასულ კვირაში რუსეთი ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება, რომლითაც რუსულ კომპანიებს დე ფაქტო რესპუბლიკაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
1 ოქტომბერს მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერა, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი ამ დოკუმენტის ხელმოწერა იყო. აფხაზური ოპოზიცია შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ეს „ოლიგარქიულ ექსპანსიას“ გამოიწვევს.