ნორვეგიაში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ
ნორვეგიის მთავრობა სოციალური მედიის მომხმარებლების მინიმალურ ასაკს 15 წლამდე გაზრდის, რომ მოზარდები და ბავშვები მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას.
ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ამასთან, მთავრობას პერსონალური მონაცემების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაც სურს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებმა 15 წლის ასაკს უნდა მიაღწიონ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესზე თანხმობის მინიჭების უფლება ჰქონდეთ.
ამჟამად ონლაინ პლატფორმების გამოყენების მინიმალური ასაკი 13 წელია. თუმცა ნორვეგიის მედიის მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოციალურ მედიას 9 წლის ბავშვების, თითქმის, ნახევარი, 10 წლის ბავშვების 58% და 11 წლის ბავშვების 72% იყენებს.
მთავრობა, ასევე, ასაკის გადამოწმების მექანიზმის შემუშავებას გეგმავს, რომ ბავშვებმა მისთვის თავის არიდება ვერ შეძლონ. ამ მხრივ ოფიციალური პირები შეზღუდვის ისეთ მეთოდებს განიხილავენ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არ არღვევს. მაგალითად, ბავშვთა და ოჯახის საქმეთა მინისტრ კიერსტი ტოპეს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა, საბანკო ანგარიშის მოთხოვნა იყოს.
ცნობისთვის: ნიუ-იორკმა სოციალური მედია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხედ ოფიციალურად აღიარა და აშშ-ში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მის გავლენას ყურადღება მიაქცია. ივნისში აშშ-ის მთავარმა ქირურგმა, ვივეკ მერთიმ კონგრესს მოუწოდა, სოციალური მედიის პლატფორმები დაავალდებულონ, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ისეთივე გამაფრთხილებელი ნიშნები ჰქონდეთ, როგორც სიგარეტის შეკვრაზეა. ექიმის განცხადებით, სოციალური მედია მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზის “მნიშვნელოვანი ფაქტორია.”
ამასთან, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის ცნობით, მთავრობა მომავალ არჩევნებამდე კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელმაც სოციალური ქსელების გამოყენება უნდა დაარეგულიროს და ასაკობრივი შეზღუდვები დააწესოს. კერძოდ, ავსტრალიის ონლაინ პლატფორმებმა შესაძლოა, 14 წლამდე ბავშვების შესვლა აკრძალონ, ხოლო 14 ან 15 წლის ბავშვებისთვის სერვისით სარგებლობის უფლების მისანიჭებლად მშობლების თანხმობა გახდეს საჭირო.